რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება?

რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება?

რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება?

  • 2023-11-23 22:53

ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ეს არის ორგანიზაციული ქცევის ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლის წარმოდგენას გარკვეულ სიტუაციაში მის მიერ ინტერპერსონალური რისკის გაწევით მიღებულ შედეგებზე. ეს არის განცდა, რომელიც გვანიშნებს რა უკუკავშირი შეიძლება მივიღოთ, როდესაც სამუშაო გარემოში ვაზიარებთ ჩვენს იდეებს და განწყობებს, ვსვამთ შეკითხვებს ან ვუშვებთ შეცდომას. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდის არსებობის შემთხვევაში თანამშრომელს აქვს მოლოდინი მოსმენის, გათვალისწინების, განვითარების ხელშეწყობის, საპირისპიროს შემთხვევაში კი კრიტიკის, დასჯის ან დაცინვის.

1990 წელს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა ემი ედმონსონმა პირველად გააჟღერა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კონცეფცია. მისი კვლევების მიხედვით თანამშრომელში ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდის არსებობა ხელს უწყობს სამუშაოს ხარისხისა და ახალი იდეების ზრდა-განვითარებას. აღნიშნული პროგრესი მიიღწევა არა თანამშრომლის კომფორტის ზონაში ყოფნით, არამედ სიახლეებით გამოწვეული დისკომფორტის მიმართ მიმღებელი დამოკიდებულებით.

განვითარებისკენ მიმართულ კლიმატის შექმნაში მთავარ როლს ორგანიზაციის ლიდერობა ასრულებს. პროფესორ ემი ედმონსონის მიხედვით აღნიშნული მიზნის მისაღწევად ოთხი კომპონენტის არსებობაა საჭირო, ეს კომპონენტებია: თანამშრომლებისგან კრიტიკული უკუკავშირის გამოთხოვა, შექება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, საჭირო კრიტიკის გაცემა, გაცემული უკუკავშირის ეფექტიანობის შეფასება. თითოეული ეტაპი საჭიროებს შესაბამის საკომუნიკაციო და სხვა უნარებს, რათა ლიდერობის მხრიდან ამ ეტაპების განხორციელების მცდელობა წარმატებული და არა საზიანო აღმოჩნდეს.

ორგანიზაციული ანთროპოლოგი, დოქტორი ტიმოთი კლარკი აღწერს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების იმ ოთხ ეტაპს, რომელსაც გუნდი გადის.

  1. ინკლუზიური უსაფრთხოება - გუნდის წევრი თავს გუნდის ნაწილად გრძნობს, აქვს უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და დაფასების შეგრძნება
  2. მსწავლელის უსაფრთხოება - გუნდის წევრს შეუძლია თამამად კითხვის დასმით მიიღოს სიახლეები, ისწავლოს და განვითარდეს.
  3. კონტრიბუტორის უსაფრთხოება - გუნდის წევრი უხერხულობის გარეშე ახდენს საკუთარი იდეების გაჟღერებას.
  4. ჩელენჯერის უსაფრთხოება - გუნდის წევრს შეუძლია კრიტიკული თვალით შეხედოს და ცვლილებები შეიტანოს სხვები იდეებში, მათ შორის ხელმძღვანელი პირების

აღნიშნული ეტაპები ქმნის ისეთ ორგანიზაციულ კულტურას, სადაც თანამშრომლის მიერ განმავითარებელი ნაბიჯების უშიშრად გადადგმაა წახალისებული. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება გუნდის წარმატების საწინდარია. ის მიზნად ისახავს გუნდისთვის ისეთ გარემოს შექმნას, სადაც თითოეული წევრი გრძნობს თავს უსაფრთხოდ, სადაც ყველას შეუძლია გააზიაროს საკუთარი აზრი, განსჯის და შიშის გარეშე. მიიღოს და გასცეს უკუკავშირი და განავითაროს როგორც საკუთარი თავი, ასევე წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.