ახალი მოთხოვნები დამსაქმებლებისთვის
- 2022-07-07 10:32
საქართველოს მთავრობამ სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
1-ელ ივლისს გამოცემული დადგენილებით, შენობები, სადაც სამუშაო სივრცეებია განთავსებული უნდა იყოს მტკიცე, კონსტრუქციულად მყარი და აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და ნორმებს. რეგლამენტის მიხედვით, სამსახურში თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე მინიმუმ 2 კვ.მ.-ს უნდა შეადგენდეს.
დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია არაერთი პირობა დაიცვას, მათ შორის:
- მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;
- რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებები;
- რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა;
- დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად, ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაფასოს ეს რისკი, განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები;
- სამუშაო სივრცე უნდა მოეწყოს მაქსიმალურად ერგონომიულად. დამსაქმებელმა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით - სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.
მინიმალური მოთხოვნები შემუშავებულია შენობების სახანძრო უსაფრთხოების, იატაკის, კედლების, ჭერის, სახურავის, ფანჯრების, სარკმლების, კარის, საევაკუაციო გზების, გასასვლელების, საფრთხის შემცველი ადგილების, ესკალატორებისა და მოძრავი სავალი ბილიკების, ასევე, სატვირთო პლატფორმებისა და პანდუსების საკითხებზე.
ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულებისათვის.
დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დასაქმებულისათვის და სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი სხვა პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
დამსაქმებლების მიერ ტექნიკური რეგლამენტით გაწერილი მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობას შრომის ინსპექცია გაუწევს.
მაკონტროლებლის მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ის კრიტიკული არ იქნება, კომპანიას გაფრთხილება მიეცემა. ხარვეზის გამოუსწორებლობა კი დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს, რომლის ოდენობაც კომპანიის ბრუნვაზეა დამოკიდებული.