შრომითი კეთილდღეობის ახალი პარადიგმა - ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამსახურში

შრომითი კეთილდღეობის ახალი პარადიგმა - ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამსახურში

შრომითი კეთილდღეობის ახალი პარადიგმა - ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამსახურში

  • 2025-06-17 11:46

თანამედროვე შრომითი სივრცე სულ უფრო მეტად ექვემდებარება სწრაფ ცვლილებებს — ეკონომიკური რყევები, ციფრული ტრანსფორმაცია, სტრუქტურული რეორგანიზაციები და დროებითი დასაქმების ზრდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თანამშრომელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

საქართველოს შრომით ბაზარზე ეს ტენდენცია განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს. გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და კარიერული განვითარების შეზღუდული პერსპექტივა ეკონომიკურ სტრესს სამწუხაროდ ბევრისთვის ყოველდღიურ რეალობად აქცევს.

ეკონომიკური სტრესი არ არის მხოლოდ ფინანსური ზეწოლა — ის კომპლექსურად უკავშირდება პროფესიულ მოტივაციას, ორგანიზაციულ კლიმატს, თანამშრომელთა ჩართულობას და საბოლოოდ, სამუშაოს შესრულების ხარისხს. კვლევების თანახმად, თანამშრომლების დიდი ნაწილი მუდმივად განიცდის შემოსავლის დაკარგვის შიშს, რაც თავის მხრივ ზრდის კოგნიტური გადაღლის, უძილობის, დეპრესიული სიმპტომებისა და სამუშაოზე კონფლიქტების რისკს.

ფსიქოსოციალური რისკების მართვა და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე ორგანიზაციული წარმატების წინაპირობაა. თუ შრომის უსაფრთხოებას აქამდე მხოლოდ ფიზიკურ რისკებთან ვაიგივებდით, დღეს აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირება ორგანიზაციულ პოლიტიკასა და სტრატეგიებში.

სამუშაო გარემო არ არის მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ადგილი — ის არის სივრცე, რომელიც ან აფერხებს ან უწყობს ხელს ადამიანის როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას. ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აფასებენ თანამშრომელთა კეთილდღეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, დროში მდგრადობის, ინოვაციურობისა და გუნდურობის ყველაზე მყარ საფუძველს ქმნიან.